Search This Blog

Saturday, April 7, 2012

გურული ტრადიციები

კალანდა

      გურიაში ახალი წლის პირველ დღეს  კალანდა ეწოდება და მას თოფების სროლით ეგებებიან.
    ახალწელიწადს  მამლის  ყივილზე მთელი  ოჯახი  ფეხზე  დგება. 
    მამაკაცები  ღორის  თავს, ბასილას, საახალწლო  გობს  სანოვაგით  დატვირთულს, მორთულ  ჩიჩილაკს  და  ცარიელ  ჩაფს  იღებენ  და  მარნისკენ  გაეშურებიან. მარანში  შესვლისას  ოჯახის  უფროსი  ხმაამოუღებლად  საახალწლო  გობს  მიწაზე  დადგამს, ჩაფს  ღვინით  გაავსებს  და  დაჩოქილი  წმინდა ბასილას  ოჯახის ბედნიერებას შესთხოვს. შემდეგ  მეკვლე  გობიდან კაკალს  იღებს და წმ.ბასილას  ეხვეწება, რომ  ამ  კაკლივით  მისი  ოჯახი  ყოველივე  სიკეთით  აავსოს.  ბოლოს  ღორის  თავს  აიღებს, საწნახელს  სამჯერ მიარტყამს  და  თან  ყვირის: "აგუნა, აგუნა, მიეც ჩვენს სამშობლოს  ღვინო  და  სხვებს ფურცელი"-ო. ამის  შემდეგ  პროცესია  სახლისკენ  გაემართება  და  ოჯახის  წევრებს ულოცავენ.     


ჩიჩილაკი - ტრადიცია
      ჩიჩილაკი, ხის ფორმის რიტუალური საგანი. მზადდებოდა საახალწლოდ მიკვლევა-მილოცვისათვის. გავრცელებული იყო დასავლეთ საქართველოში. არსებობდა ჩიჩილაკის რამდენიმე ნაირსახეობა, რომელთაგან განსაკუთრებით სრულყოფილი ჩანს გურული კალპიანი ჩიჩილაკი.
    ჩიჩილაკს ამზადებდნენ თხილის მსხვილი ჯოხისაგან. ჯოხს ჯერ გაახურებდნენ მეტი დრეკადობისათვის, კანს გააცლიდნენ და მახვილი დანით ბოლოდან წვერისაკენ იწყებდნენ თხელი ბურბუშელების ათლას. ბურბუშელას წვერიდან ერთი გოჯის დაშორებამდე უწყვეტად გაიტანდნენ და ზეაკეცავდნენ. ოსტატი ასობით გრძელ ბურბუშელას აჭრიდა და აკეცავდა. მათ ჩიჩილაკის ან "ბასილას" წვერი ერქვა. აკეცილ ბურბუშელებს შემდეგ ისევ ღერძზე გადმოფენდნენ და გამოვიდოდა ხის მსგავსი საგანი, რომელსაც ძირზე უმაგრებდნენ სადგარს. ზედა წვეროს ჯვარედინად ჩაჩეხავდნენ და შიგ ჯვრის სახედ ჩასვამდნენ წვერწამახულ ჯოხებს, რომელთა ბოლოებზე       ჩამოაცვამდნენ ორ ბროწეულს ან ვაშლს, ორ სფერულ კვერცხს, ე. წ. "ყვინჩილებს". ჩიჩილაკზე ჰკიდებდნენ გაპუტულ შაშვს, რომელისაც ფრთისა და ბოლოს ბუმბულს უტოვებდნენ. სამკაულს, ფერად ძაფებს, ფოჩიან კანფეტს.

No comments:

Post a Comment